X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას 99 დასახლება დაემატა

30 ნოემბერი 2016

საქართველოს მთავრობამ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში ​​99 დასახლების დამატების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 2016 წლის 24 მაისს გამართულ სხდომაზე, მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ იმსჯელა მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში ​​დამატებით 99 დასახლების (38 000 მაცხოვრებლის) შეტანასთან დაკავშირებით დაშუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავრობას აღნიშნული დასახლებების მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში ​​დამატების შესახებ. თავდაპირველ ჩამონათვალში, რომელიც 1582 დასახლებას მოიცავს, აღნიშნული დასახლებები ვერ მოხვდა იმის გამო, რომ არ არსებობდა საქართველოში არსებული დასახლებების ერთიანი ნუსხა და მათი კრიტერიუმების შესახებ სისტემატიზირებული მონაცემები. მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში ​​ცვლილების შეტანის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული სოციალური შეღავათები დაუყოვნებლივ ამოქმედდება.

 

ნუსხაში შესატანი 99 დასახლებიდან:

 

90 - აკმაყოფილებს საბჭოს მიერ დადგენილ დემოგრაფიულ კრიტერიუმს;

6 - კანონით განსაზღვრულ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეში შემავალი დასახლებებია;

1 (ჭერემი) - დაზუსტდა ჰიფსომეტრიული სიმაღლე;

1 (ღორღა) - საჯარო რეესტრმა დააზუსტა, რომ, ზოგადად, არსებობს როგორც სოფელი;

1 (კოტორაანთკარი) - აკმაყოფილებს სოფლის მეურნეობის კრიტერიუმს.